ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი გახსნა

22:07, 13.10.2026
Flag of Moldova in front of a clear blue sky

Flag of Moldova in front of a clear blue sky

ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი ოფიციალურად გახსნა.

„ევროკავშირმა გახსნა მეორე კლასტერი – „შიდა ბაზარი“ და მესამე კლასტერი – „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“, – განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებით, რომელიც მოლაპარაკებების ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მოლდოვამ ევროკავშირის გაფართოების პროცესში მოწინავე ქვეყნებს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

„დღეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნა — „შიდა ბაზარი“ და „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“. ამით აღიარებულია ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ამ კლასტერებით გათვალისწინებული რეფორმები მოლდოვურ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და უკეთ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ექვს თემატურ კლასტერად იყოფა. თითოეული მათგანი მოიცავს კანონმდებლობის კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

მსგავსი