ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას აქციებისას ყველა დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა
19:10, 22.04.2018
ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას აქციებისას დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება მოსთხოვა. როგორც ოფიციალური წყაროებიდან არის ცნობილი, ერევანში დღეს 228 აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არის სამი დეპუტატი. ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ყველა დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
„ყველა, ვინც დააკავეს მათი კანონიერი უფლების რეალიზაციის დროს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება ყველასთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერევანში საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიციის მომხრეები დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას პოლიციის განყოფილებასთან ითხოვენ.