ევროკავშირმა შსს-ს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შესამოწმებელი აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა
ევროკავშირმა შსს-ს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შესამოწმებელი აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა

ევროკავშირმა შსს-ს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შესამოწმებელი აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 130,000 ევროს (400,000 ლარის) ღირებულების აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები მეტად გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა, პროექტის განმახორციელებელ პარტნიორთან – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა საზღვრის მართვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა.

„აღნიშნული მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის განკუთვნილ საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების სიღრმისეული შემოწმებისთვის საჭირო დახვეწილ აღჭურვილობას და ორ ყოვლისმომცველი კომპიუტერული პროგრამების კომპლექტს, რომლებიც საშუალებას მისცემენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს, სიღრმისეულად გამოიძიონ კიბერდანაშაულის შემთხვევები და კიბერსივრციდან ამოიღონ მტკიცებულებები, რაც ამ დრომდე სირთულეს წარმოადგენდა“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

ცერემონიაზე აუდიტორიას მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ. მისი თქმით „ეს აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, მეტად ეფექტიანად ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს, რაც ასევე მოიცავს კიბერდანაშაულის მეტად კომპლექსურ ფორმებს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ჭრილში და წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში საზღვრის თანამედროვე და სწორი მართვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღჭურვილობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც მოიცავს 10 მილიონი ევროს (32 მილიონი ლარის) ღირებულების აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში გამოსაყენებლად.

„დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რაოდენობის აღჭურვილობა გადაეცათ, რაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას დააკმაყოფილოს მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში არსებული მოთხოვნები და შეასრულოს ვიზა ლიბერალიზაციის ნიშნულები. კიბერდანაშაულის კომპლექსური ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ევროკავშირის კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.