ევროკავშირმა შეათანხმა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება, მათ შორის არის საქართველო
ევროკავშირმა შეათანხმა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება, მათ შორის არის საქართველო

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის გარე საზღვრებს გაუხსნიან.

როგორც „ევრონიუსი“ ევროკავშირის საბჭოში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.

„ევრონიუსი“ იტყობინება, რომ საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.

ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, სიაში მოხვდა ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

„ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სრული სია ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების დადასტურების შემთხვევაში).