ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

​კერძოდ, ევროკავშირმა 2020 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები, რომელებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ლახავენ და საფრთხეს უქმნიან.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს. ამჟამად ევროკავშირის სანქციები 170 ფიზიკური და 44 იურიდიული პირის წინააღმდეგ მოქმედებს.

უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების გამო რუსეთისთვის ევროკავშირს სულ სანქციების სამი პაკეტი აქვს ამოქმედებული. მათ შორის, ეკონომიკური სანქციები 2020 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს. ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისთვის დაწესებული შეზღუდვები კი – 2020 წლის 23 ივნისამდე.