ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 3 წლით გაახანგრძლივა

12:15, 23.09.2026
სტრასბურგში, ევროპარლამენტის შტაბ-ბინის წინ ევროკავშირის დროშები ფრიალებს. 2026 წლის 17 სექტემბერი

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შტაბ-ბინის წინ ევროკავშირის დროშები ფრიალებს. 2026 წლის 17 სექტემბერი

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 3 წლით – 2029 წლის 22 სექტემბრამდე – გაახანგრძლივოს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობას უქმნიან საფრთხეს.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო იუწყება.

სანქციები 3 000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე ვრცელდება და ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის გადაადგილების შეზღუდვას (მოგზაურობის აკრძალვას), აგრეთვე აქტივების გაყინვას და სიაში მყოფი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ფინანსური ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სანქციების ვადა არ გაუგრძელოს სამ ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას, ხოლო სამი გარდაცვლილი პირი სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს.

„ევროკავშირი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომ გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე და განაგრძოს მისი ომის ეკონომიკის შესუსტება, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაიწყოს შინაარსიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიიდან ამოიღო შემდეგი პირები და ორგანიზაცია:

  • ალიშერ უსმანოვი;
  • მიხაილ ფრიდმანი;
  • ანდრეი ფალალეევი, ოკუპირებული ყირიმის ვერნადსკის სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი;
  • Redbird Corporate Services Ltd — მავრიკიში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კორპორაციულ და ტრასტულ მომსახურებას ეწევა. კომპანია არის Sapang Shipping Inc-ის რეგისტრირებული აგენტი, რომელიც, თავის მხრივ, ნავთობის ტანკერ „არგენტის“ რეგისტრირებული მფლობელი და ოპერატორია.

მანამდე, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne) იუწყებოდა, რომ ევროკავშირი, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის გაგრძელებას გეგმავდა. ამასთან, მიღებული იყო გადაწყვეტილება, გარკვეული პირებისთვის სანქციების მოქმედების ვადა არ გაეგრძელებინათ.

საუბარია რუს ოლიგარქებზე – ფრიდმანსა და უსმანოვზე. ქვეყნებს, რომლებიც სანქციების სიიდან ფრიდმანისა და უსმანოვის ამოღებას ემხრობოდნენ (კერძოდ: სლოვაკეთს, საფრანგეთსა და ლუქსემბურგს), ეს ნაბიჯები უკრაინასთან არ შეუთანხმებიათ.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ლატვიის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, რუსულმა ბიზნესმა და რუსმა ოლიგარქებმა უნდა იგრძნონ, რომ მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი მსოფლიოში არ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არის ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების დრო.

სტატიის ავტორი: მარია პატოკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ჟან-კრისტოფ ვერჰაგენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი, 2026 წელი, 22:04 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი