ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი შემზღუდავი ზომების სამიზნე არის რუსეთის ეკონომიკის მაღალღირებული სექტორები. ამასთან, სანქციები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული.

კერძოდ, ევროკავშირი კრძალავს რუსეთიდან ალმასების იმპორტს. აკრძალვა ვრცელდება, როგორც ბუნებრივ, ისე სინთეტიკურ ალმასებსა და ბრილიანტის სამკაულებზე. შეზღუდვა ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპელი ექსპორტიორებისგან ითხოვს, ხელშეკრულებით გააფორმონ მესამე ქვეყნებთან, პარტნიორი ქვეყნების გარდა, რუსეთში სენსიტიური საქონლისა და ტექნოლოგიების რეექსპორტის აკრძალვა. აღნიშნული დებულება ვრცელდება აკრძალულ საქონელზე, რომელიც რუსულ სამხედრო სისტემებში გამოიყენება ან რომელიც კრიტიკულია რუსული სამხედრო სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის.

სანქციების მე-12 პაკეტი ითვალისწინებს „შავ სიაში“ 29 კომპანიის დამატებას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს. ამ 29 კომპანიიდან ნაწილი ეკუთვნის მესამე ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში.

ამასთან, გაფართოვდა იმ საგნების სია, რომელთა რუსეთისთვის მიწოდებაც აკრძალულია, მათ შორის არის ქიმიური ნივთიერებები, ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ძრავები, მანქანების ნაწილები და ინსტრუმენტები.

ამასთან, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომების გამკაცრებას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. ასევე, ევროკავშირი ამკაცრებს წესებს, რათა გააკონტროლოს ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის დაცვა. ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებული მექანიზმი კი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს ის კომპანიები და ხომალდები, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მანიპულაციებში არიან ჩართულნი.

სანქციები უწესდებათ ასევე დამატებით ფიზიკურ პირებს.

სანქციების მე-12 პაკეტის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრაინამ ომის სპონსორთა სიიდან ავსტრიული ბანკი Raiffeisen Bank International-ი ამოიღო, რასაც ავსტრია ითხოვდა.