ევროკავშირმა პოლონეთს სასამართლო რეფორმაში ცვლილებებისთვის ვადა ივნისის ბოლომდე მისცა
ევროკავშირმა პოლონეთს სასამართლო რეფორმაში ცვლილებების შესატანად ვადა ივნისის ბოლომდე მისცა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ კანონის უზენაესობის წინაშე სისტემური საფრთხე აცილებულია. ასე რომ, ჩვენ კვლავ გვჭირდება დიალოგის გაგრძელება, თუმცა დიალოგი მიზანს არ წარმოადგენს. ამ დიალოგმა უნდა მიგვიყვანოს ხელშესახებ და მყარ შედეგებამდე. ასევე, ვაცნობე საბჭოს, რომ ეს დიალოგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ფრანს ტიმერმანსმა.
გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ, ქვეყანაში ჩატარებული სასამართლო რეფორმის გამო, სანქციების დაწესების პროცედურა დაიწყო. სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ვარშავა ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლებას დაკარავს.
საქმე ეხება სადავო სასამართლო რეფორმას, რომლის განხორციელება პოლონეთის ხელისუფლებამ ბრიუსელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დაიწყო.
პოლონეთის მთავრობამ ბოლო ორ წელიწადში სასამართლო რეფორმის ფარგლებში 13 ახალი კანონი დაამტკიცა. რეფორმის შედეგად, პოლონეთის მთავრობამ მოსამართლეების დანიშვნის უფლება მოიპოვა. გარდა ამისა, მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს წევრებს პარლამენტი აირჩევს, მცირდება მოსამართლეთა საპენსიო ასაკი, რის გამოც ბევრ მათგანს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სასამართლო რეფორმა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში კანონის უზენაესობას.