ევროკავშირმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, E-1 ზონაში, ებრაელებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმები
ევროკავშირმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, E-1 ზონაში, ებრაელებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმები. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ტენდერი და შეაჩეროს E-1 ზონისთვის დაგეგმილი პროექტები, ასევე დასახლებების გაფართოების ყველა სხვა პროექტი და უზრუნველყოს დასახლებების მცხოვრებთა მხრიდან ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ E-1 ზონაში დასახლების მშენებლობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.
„ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის E-1 ზონაში, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება „დასავლეთ სანაპიროს ორ ნაწილად გაყოფას გამოიწვევს, აღმოსავლეთ იერუსალიმს იზოლაციაში მოაქცევს და კიდევ უფრო შეასუსტებს ორი სახელმწიფოს თანაარსებობაზე დაფუძნებული კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას“.
„ეს მოვლენები დასავლეთ სანაპიროზე არსებული უწყვეტი არასტაბილურობისა და დასახლებების მცხოვრებთა მხრიდან ძალადობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის ფონზე ვითარდება. ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი, რომელიც ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პრინციპს ეფუძნება და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს შეესაბამება. ამ პრინციპის თანახმად, ორი დემოკრატიული სახელმწიფო – ისრაელი და პალესტინა – ერთმანეთის გვერდით, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა ცხოვრობდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ისრაელის დაგეგმარების უწყებამ 2025 წლის აგვისტოში დაამტკიცა E-1 ზონაში 3 400 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობის გეგმა. ეს ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმის მახლობლად.