ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. „შავ სიას“ დაემატა 32 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ირანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ირანის კულტურის და განათლების მინისტრები, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე და პრესსპიკერი, ირანის პარლამენტის წევრები, პოლიციის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ციხეების თანამშრომლები.

სანქციები ასევე დაუწესდა სამართალაღსრულების ძალების თანამშრომლობის ფონდს და პოლიციის მეცნიერებათა და სოციალური კვლევების ინსტიტუტს.

ევროკავშირი და მისი წევრები მოუწოდებენ ირანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი დევნა, ნებაყოფლობითი დაკავებები და გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული პირი. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ირანს, უარი თქვას დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე და უზრუნველყოს ყველა დაკავებულისთვის სამართლიანი სასამართლო პროცესი.

ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, სექტემბერში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ირანში 20 ათასამდე ადამიანი დააკავეს. ხელისუფლებამ რამდენიმე დემონსტრანტი სიკვდილით დასაჯა.