ევროკავშირმა ფუტკრების მკვლელი სამი პესტიციდის გამოყენება აკრძალა
ევროკავშირმა ფუტკრების მკვლელი სამი პესტიციდის გამოყენება აკრძალა

ევროკავშირმა ფუტკრების მკვლელი სამი პესტიციდის გამოყენება აკრძალა. ნეონიკოტოინიდური ინსექტიციდების აკრძალვას ევროპულმა სახელმწიფოებმა მხარი 27 აპრილს დაუჭირეს, რომლის მიზეზი ფუტკრების პოპულაციისთვის განსაკუთრებული საფრთხის შექმნა გახდა.

აკრძალვა შეეხო: კლოტიანიდინს, იმიდაკლოპრიდს და ტიამეტოქსამს, რომლებიც დაფუძნებულია ნიკოტინის ქიმიურ სტრუქტურაზე და მწერების ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

საკანონმდებლო აკრძალვის საფუძველი ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც, ქიმიური ნივთიერების უმრავლესობა ფუტკრებს საფრთხეს უქმნის.

ფუტკრები მსოფლიო ძირითადი კულტურების 90%-ის დამტვერვას უწყობენ ხელს. ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრების პოპულაციის მასობრივი კვდომის ფაქტები აღინიშნა, რომლის მიზეზად ტკიპები, პესტიციდები, ვირუსი, სოკოები ან ამ ფაქტორების კომბინაცია დასახელდა.

გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარი, ვიტენის ანდრიუკაიტისი კენჭისყრის შედეგებს მიესალმა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მეცნიერების დასკვნებს ეფუძნება.