ევროკავშირმა ფასებით მანიპულირებისთვის ოთხი წამყვანი ელექტრონული კომპანია დააჯარიმა
ევროკავშირმა ფასებით მანიპულირებისთვის ოთხი წამყვანი ელექტრონული კომპანია დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლისტურმა ორგანომ ფასებით მანიპულირებისთვის 111 მილიონი ევროთი დააჯარიმა ელექტრონული საქონლის მწარმოებელი ოთხი გიგანტი კომპანია, Asus-ი, Denon & Marantz-ი, Philips-ი და Pioneer-ი.

CNBC-ის ცნობით, კომპანიებს კიდევ უფრო მაღალი ჯარიმები ელოდა, მაგრამ რადგან მარეგულირებელ ორგანოსთან ითანამშრომლეს, ანტიმონოპოლისტურმა სამსახურმა ჯარიმები შეარბილა.

ევროკომისიის მარეგულირებელი ორგანოს მიხედვით, ოთხივე კომპანია მომხმარებელს​ ინტერნეტ-პლატფორმაზე განთავსებულ პროდუქციაზე ფასის არჩევანს უზღუდავდა და ამით მაღალ ფასს ინარჩუნებდა. როგორც ირკვევა, თუ ონლაინ პლატფორმის მომხმარებელი ფასის შეთავაზებას არ იღებდა, ელექტრონული საქონლის ოთხივე მწარმოებელი ემუქრებოდა ან სანქციას აკისრებდა.

ევროკავშირის ანტიმონოპოლისტური სამსახურის ხელმძღვანელის, მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, საქონელზე მაღალი ფასის შენარჩუნების მიზნით, ოთხივე ცნობილი მწარმოებელი 2011-2015 წლებში ინტერნეტ-პლატფორმის მომხმარებელზე ზეწოლას ახორციელებდა.

„ამ ოთხი კომპანიის ქმედების შედეგად, ევროპის მილიონობით მომხმარებელი სამზარეულოს მოწყობილობაზე, თმის საშრობებზე, ნოუთ-ბუქებზე, ყურსასმენებსა და კიდევ სხვა მრავალ პროდუქტში მაღალ ფასს იხდიდა“ ,-განმარტა ვესატგერმა დღეს გამართულ პრეს-კოფნერენციაზე და დაამატა, რომ ამგვარი ქმედება ევროკავშირის ანტიმონოპოლისტურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

რადგან დამანაშავე კომპანიებმა მარეგულირებელ ორგანოსთან ითანამშრომლეს, მოსალოდნელი ჯარიმა 40-50 პროცენტით შეუმცირდათ. საბოლოო ჯამში, Asus-ი 63.5 მილიონ ევროს გადაიხდის, Denon & Marantz-ი 7.7. მილიონს, Philips-ი 29.8 მილიონს, ხოლო Pioneer-ი 10.2 მილიონ ევროს.