ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 600 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო
ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 600 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დათანხმდა გაეცა 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი „თი-ბი-სი ბანკისთვის“, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელიც ქვეყანაში აქტიური კომპანიების 90%-ზე მეტს წარმოადგენს, ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით, – ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრები გამოიყოფა ევროკავშირის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). სესხი პოტენციურად სარგებლობას მოუტანს საქართველოს 600-მდე მცირე და საშუალო საწარმოს.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გააუმჯობესებენ თავიანთ წვდომას გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებზე, რაც მათი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. „თი-ბი-სი ბანკისთვის“ ჩვენი მეოთხე სესხი ფინანსებზე უკეთესი წვდომის საშუალებით პოტენციურად დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიის განვითარებას დაეხმარება. იმედი გვაქვს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგად განვითარებას“, – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.

„ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, „თი-ბი-სი ბანკის“ გრძელვადიან პარტნიორთან ასეთი წარმატებული ურთიერთობით. ეს უკვე მეოთხე ტრანსაქციაა, რომელიც 2012 წელს ჩვენი პარტნიორობის დაწყების შემდეგ წარმატებით განვახორციელეთ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენმა ორგანიზაციებმა ნამდვილი ეფექტური ურთიერთობები დაამყარა. ეს შესაძლებლობა დაეხმარება „თი-ბი-სი ბანკს“, გააძლიეროს თავისი წამყვანი პოზიცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში“, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეოთხე ოპერაცია „თი-ბი-სი ბანკთან“ და ამ ქართულ ინსტიტუტთან ევროკავშირის ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება. 2011 წლიდან „თი-ბი-სი ბანკმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების თანხებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მილიონი ევრო გახადა ხელმისაწვდომი.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი შეიძლება გაერთიანდეს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სასესხო პორტფელის გარანტიებთან, რომლებიც შარშან გაგრძელდა „თი-ბი-სი ბანკთან“ ორი ინსტრუმენტის საშუალებით და ასევე ხელი შეეწყო „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის მიერ: „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)“ პორტფელის გარანტია, რომელიც ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებდა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) ინიციატივის აღმოსავლეთის პორტფელის გარანტია, რომელმაც მცირე ბიზნესებს დამატებითი დაფინანსების საშუალება მისცა. მთავარი ამოცანაა, „თი-ბი-სი ბანკს“ მიეცეს საშუალება, გაზარდოს დაფინანსება შეღავათიანი პირობებით მცირე და საშუალო კომპანიების უფრო ფართო ჯგუფებისთვის, რომელთაც სხვაგვარად ბანკის სესხებზე შეზღუდული წვდომა ექნებოდა“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ოპერაციებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააერთიანა ძალისხმევა ევროკავშირთან ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა – კერძოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში – ამ სამი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ბიზნესებისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებით.