ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. სტრასბურგში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ორი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტია, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, 2020 წლის ბოლომდე შეცვალონ ე.წ. სათადარიგო მექანიზმი – დროებითი გადაწყვეტილება, რომელმაც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ღია საზღვრის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. სწორედ სათადარიგო მექანიზმის საკითხი წარმოადგენდა ბრექსიტის შეთანხმებაში დავის საგანს.

დიდი ბრიტანეთი ასევე მიიღებს უფლებებს, დროებით შეაჩეროს ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებული წესები, თუ ევროკავშირი თავის ვალდებულებებს დაარღვევს.

მეორე დოკუმენტი არის ერთობლივი განცხადება, რომელიც ემატება აქამდე შეთანხმებულ პოლიტიკურ დეკლარაციას.
შეთანხმების მიღწევას ადასტურებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. როგორც იუნკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შეთანხმება ბრექსიტთან დაკავშირებით აუცილებელ დაზუსტებებს და სამართლებრივ გარანტიებს მოიცავს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობას აფრთხილებს, თუ პარლამენტი აღნიშნულ შეთანხმებასაც არ დაუჭერს შანს, მესამე შანსი აღარ იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან ტერეზა მეისთან მიღწეული შეთანხმება ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან უკვე განიხილა და ის მზად არის, მხარი დაუჭირო მას.

ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს უყრის კენჭს. თუ პარლამენტი დოკუმენტს კვლავ უარყოფს, ტერეზა მეი კენჭისყრაზე ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის საკითხს გაიტანს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.