ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, „შავ სიას“ 36 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.

ევროკავშირის ცნობით, სანქციები დაუწესდა მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებსა და დაშინებებზე, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერ ცნობილ ბიზნესმენებსა და კომპანიებს.

„ამ გადაწყვეტილების მიზანია, გაუგზავნოს ძლიერი გზავნილი პასუხისმგებელ პოლიტიკოსებსა და ეკონომიკურ აქტორებს, რომ მათი რეჟიმისადმი მხარდაჭერა ძვირი უჯდებათ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციები ითვალისწინებს სამოგზაურო და ფინანსურ შეზღუდვებს.

ევროკავშირის „შავ სიაში“ ბელარუსიდან ამჟამად 88 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირია.

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები პირველ ოქტომბერს დააწესა. მოგვიანებით, 6 ნოემბერს სანქციები გამკაცრდა და შეზღუდვები ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაც დაუწესდა, რომლის წინააღმდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.