ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა
ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამა წლის თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამასთან, კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში.

„ამ სამწუხარო კონტექსტში, ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), აუცილებელად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად შევიდნენ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

მხარეებმა, ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

მაია კოჟიანჩიჩის განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას.

დიალოგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების მონიტორინგის პროცესში.

დიალოგის პროცესს ევროკავშირის მხრიდან უძღვებოდა დირკ შუბელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო ქართული მხრიდან – ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის 24 აპრილის შეხვედრის შემდეგ.