ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
ორშაბათს პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე ჩვენ გავხსნით ფუნდამენტურ საკითხებზე კლასტერს, რომელიც გაწევრიანების პროცესის საფუძველს წარმოადგენს. ის მოიცავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, კანონის უზენაესობიდან დაწყებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დამთავრებული. ეს არის ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების წინსვლისას გამოვლენილი მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობის აღიარება უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად და სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შეთავაზება შეუდარებელია.
გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.
ჩვენი ერების დაახლოებით ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ ჩვენს კონტინენტზე.
მზარდი გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესებშია. გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და ჩვენს საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში.
გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.