ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე შევთანხმდით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპელი ლიდერების მიერ ბრიუსელში გამართული ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიის ფრენები აიკრძალება, ხოლო ევროპულ ავიაკომპანიებს მიეცემათ რეკომენდაცია, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას.

„მინსკის მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულების წესით დასმის საკითხზე მსჯელობას დიდი დრო დავუთმეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ქმდება იყო. ბელარუსის მთავრობის ასეთი ქმედების გამო, მგზავრებს საფრთხე შეექმნათ. ჩვენ ვგმობთ ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავების ფაქტს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსს მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. მომხდარი ინციდენტი უნდა გამოიძიოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოს, გააფართოვოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, დავაწესოთ დამატებითი მიზნობრივი, ეკონომიკური სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ და ავუკრძალოთ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა. ამავე დროს, მოვუწოდებთ ევროპულ ავიაკომპნიებს, მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.