ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მხარს უჭერს ქართული მეცნიერების განვითარებას და ახალ, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს იწყებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მხარს უჭერს ქართული მეცნიერების განვითარებას და ახალ, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს იწყებს

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართული მეცნიერების განვითარებას და ახალ, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს იწყებს. ევროკავშირი იწყებს კვლევასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროექტს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას.

„ევროკავშირმა საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“განხორციელება დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ევროს და ითვალისწინებს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას, ინტერდისციპლინარული მიდგომის, კოლაბორაციული კვლევისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების გზით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. პროექტი ითვალისწინებს ავსტრიელი, გერმანელი და ლატვიელი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ შესაძლებლობების გაძლიერებისა,  მოქმედი პროგრამების და აქტივობების დახვეწის გზით“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის სასტარტო ონლაინ ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის, მთავრობის, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი. შეხვედრა გაიმართა იმავე დღეს, როდესაც „ევროპელ მკვლევართა ღამის“ ფარგლებში ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020 „მეცნიერება კაპიტანის“ ღონისძიებები. ისტორიაში პირველად, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საყოველთაო ღონისძიებაში. ღონისძიება აახლოებს მეცნიერებასა და საზოგადოებას და ამავდროულად წარმოაჩენს მეცნიერების მნიშვნელობას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი და მხარდამჭერია მეცნიერებასა და კვლევის სფეროში. ეს პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების სფეროებში ძირითადი გამოწვევების დაძლევას, კვლევისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მნიშვნელობას ქართული მეცნიერების განვითარებისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და პროექტის მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირები გაძლიერდება.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს ახორციელებს ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: იოანეუმ კვლევა (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდი, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტო, გერმანიის პროექტების მართვის სააგენტო და დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია). მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს „შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის“ შესაძლებლობების გაძლიერებას მოქმედი პროგრამების და აქტივობების გადახედვისა და დახვეწის გზით, ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად, რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით. პროექტი ასევე ითვლისწინებს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას და მხარდაჭერას.

დატოვე კომენტარი