ევროკავშირის წარმომადგენლებსა და „თალიბანს“ შორის დოჰაში მოლაპარაკებები გაიმართა
ევროკავშირის წარმომადგენლებსა და „თალიბანს“ შორის დოჰაში მოლაპარაკებები გაიმართა

27-28 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლებსა და „თალიბანს“ შორის დოჰაში მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებებზე თალიბებმა ავღანეთში არსებული აეროპორტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დახმარება ითხოვეს. მათ პირობა დადეს, რომ ამ შემთხვევაში ყველას, ვისაც აქვს სურვილი, იქნება ეს უცხოელი, თუ ავღანელი, დაუბრკოლებლად გავა ქვეყნიდან.

ევროკავშირის საგარეო მოქმედებათა სამსახურის (EEAS) ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის ჩატარების ფაქტი „თალიბანის“ ლეგიტიმურობის აღიარებას არ ნიშნავს და მოლაპარაკებები ავღანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე შედგა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მოახლოებული ზამთრის ფონზე ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო. ევროკავშირის დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანება გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ყველა ავღანელისთვის, ვისაც ეს სჭირდება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ავღანეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, იმ პირობით, რომ ის მიმართული იქნება „პირდაპირ ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად“.

თავის მხრივ, შეხვედრაზე თალიბებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება კანონის უზენაესობისა და კეთილსინდისიერი მმართველობის მიმართ. ევროკავშირის დელეგაციამ „თალიბანს“ მოუწოდა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ინკლუზიური მთავრობის შესაქმნელად, რომელშიც ქალები და კაცები საკვანძო პოზიციებს დაიკავებენ და გაგრძელდება „გზა ეროვნული შერიგებისკენ“.