ევროკავშირის წარმომადგენელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიიწვია
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიიწვია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოლაპარაკება გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იყო ერაყში არსებული სიტუაცია. საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა დაძაბულობის განმუხტვისა და ე.წ. ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების აუცილებლობას. ჟოზეპ ბორელმა ირანელი მინისტრი ამ პრობლემაზე დისკუსიის გაგრძელების მიზნით ბრიუსელში მიიწვია“ – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
ბორელმა ასევე მოუწოდა ირანს, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე „შესაძლო რეაქცია სიფრთხილით განიხილოს, რათა სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს, რაც მთელ რეგიონს დააზიანებს“.
შეგახსენებთ, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განხორციელდა. სოლეიმანის ლიკვიდაციის განკარგულება აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა.