ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა
ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერთიფიკატების ფუნქციონირება დაიწყო. მათი ამოქმედების მიზანი პანდემიის პერიოდში მოგზაურობის შემსუბუქებაა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერთიფიკატი.

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“-ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება.

სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.

სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე დაბეჭდილი ფორმით. ციფრული ვერსიის გამოსაყენებლად სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. სერტიფიკატის მთავარი ელემენტი QR-კოდია, რომელიც მისი ნამდვილობის შესამოწმებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ევროკომისიამ შექმნა პორტალი, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს QR კოდების ნამდვილობის დასაზუსტებლად ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.

სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელ დაწესებულებას მიანიჭებს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილებას.

სერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ტერიტორიაზე. ამისათვის აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე ვაქცინაციის ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხები უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, განიხილება მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატების აღიარებაც, თუ ისინი ევროკავშირის სისტემასთან არის თავსებადი.

სერტიფიკატები „ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა. ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილნი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა „ასტრაზენეკა ქოვიდშილდ“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

დატოვე კომენტარი