ევროკავშირის საგარეო უწყება – მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო სასამართლოს გვერდით, გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ სასამართლოსა და მისი პერსონალის დაცვა გარე ზეწოლისგან
ევროკავშირი მტკიცედ დგას საერთაშორისო სასამართლოს გვერდით და გააგრძელებს სრული მხარდაჭერის გაწევას, რათა უზრუნველყოს სასამართლოსა და მისი პერსონალის დაცვა გარე ზეწოლისა და მუქარისგან – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სასამართლოს, მისი თანამდებობის პირებისა და პერსონალის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძირს უთხრის სასამართლოს მუშაობას.
ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, ევროკავშირი ურყევი რჩება რომის წესდებისადმი ერთგულებაში და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი ღრმად წუხს შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესახებ, დააწესოს სანქციები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის, მოსამართლე ტომოკო აკანესა და უფროსი ადვოკატის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი, ყველაზე სერიოზული დანაშაულების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში. მისი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მანდატის შესრულების უნარი თავისუფალი უნდა იყოს ზეწოლისგან, დაშინებისა და ჩარევისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.