ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი 3 თებერვალს ირანს ესტუმრება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი 3 თებერვალს ირანს ესტუმრება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი 3 თებერვალს ირანს ესტუმრება.

ბრიუსელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ირანის ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟოზეფ ბორელის, ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როუჰანისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრებზე შესაძლებლობა ექნება, რომ ევროკავშირმა შეთანხმების შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვას ხაზი.

ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს შორის პოზიციები განსხვავებულია. ვაშინგტონმა შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ირანმა კი, საპასუხოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირება დაიწყო. ირანში აცხადებენ, რომ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდვების გარეშე გააგრძელებს. დავების მოგვარების მექანიზმის წარუმატებლობამ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების განახლება გამოიწვიოს.