ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროკავშირის მოქალაქეების დაკავების გამო, ირანის შვიდი ფიზიკური პირისა და ორი ორგანიზაციის მიმართ სანქციები შეათანხმეს

13:55, 14.04.2025
FILE PHOTO: European Union flags flutter outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium, March 24, 2021. REUTERS/Yves Herman/File Photo

FILE PHOTO: European Union flags flutter outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium, March 24, 2021. REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის შვიდი ფიზიკური პირისა და ორი ორგანიზაციის მიმართ, ევროკავშირის მოქალაქეების დაკავების გამო, სანქციები შეათანხმეს.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

სასანქციო სიაში მოხვდნენ თეირანის ევინის ციხის დირექტორი, რამდენიმე მოსამართლე და სასამართლო სისტემის სხვა მაღალჩინოსნები. სანქცირებულ ორგანიზაციებს შორისაა შირაზის მთავარი ციხე. სანქციები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ბოლო წლებში ირანში დააკავეს ორმაგი და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ათობით პირი ჯაშუშობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით. ევროპელი დიპლომატების ცნობით, მათ შორის ევროკავშირის, სულ მცირე, 20 მოქალაქე იყო.

ირანში დაკავებულია საფრანგეთის ორი მოქალაქე. საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გეგმავს საკონსულო დაცვის უფლების დარღვევისთვის.

„მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია, დღეს დავაწესოთ სანქციები შვიდი ადამიანისა და ორი ორგანიზაციის, მათ შორის შირაზის ციხის მიმართ. ეს დროის საკითხია, რადგან პირობები, რომლებშიც იმყოფებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ღირსების შემლახავია“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ლუქსემბურგში, მინისტერიალზე მისვლისას.

მსგავსი