ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 450 მილიონი ევროს ლეტალურ იარაღსა და 50 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ აღჭურვილობას მიაწვდიან
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 450 მილიონი ევროს ლეტალურ იარაღსა და 50 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ აღჭურვილობას მიაწვდიან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ხშირად ამბობენ, რომ ევროპულ კონსტრუქციაში ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპები მიიღწევა კრიზისის დროს ან კრიზისის გამო. მე მჯერა, რომ შესაძლოა, ჩვენ სწორედ ამ მომენტში ვართ, როდესაც კრიზისი გვიბიძგებს განვითარებისა და წინსვლისკენ. დღეს დაიმსხვრა კიდევ ერთი ტაბუ, რომ ევროკავშირს არ შეუძლია თავისი რესურსების გამოყენება, რათა მიაწოდოს იარაღი ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმის მეორე. დიახ, ეს არის უპრეცედენტო დრო, რადგან ომი კვლავ დაბრუნდა ჩვენს საზღვრებზე. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, ისტორიის ფურცელი გადაშლილია. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ამ დღეებში და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირმა გამოავლინა შესაძლებლობა, დაეხმაროს თავის მეზობლებს გადაუდებლად“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პოლიტიკური თანხმობა მისცეს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის პაკეტს, ახალ სანქციებს, დიპლომატიურ ჩართულობას რუსეთის იზოლაციისთვის, უკრაინის მხარდამჭერ ზომებს და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს.
„რადგან უკრაინაში არის ფართომასშტაბიანი ომი და ჩვენ გვსურს უკრაინის მხარდაჭერა, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა მივაწოდოთ უკრაინის არმიას 450 მილიონი ევროს ღირებულების ლეტალური იარაღი და 50 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალური აღჭურვილობა. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, შეასრულოს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. მისი თქმით, დაფინანსების გამოყოფის საკითხი ევროკავშირის მიერ შეთანხმებულია, 28 თებერვალს შეიკრიბებიან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც იმსჯელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ლოჯისტიკურ ნაწილზე.
ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოვდება „შავი სია“ იმ პირებისა და კომპანიების, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის აგრესიასთან უკრაინაში. მისივე ცნობით, სრული სია ხვალ გამოქვეყნება, თუმცა ის მოიცავს რუს ოლიგარქებსა და ბიზნესმენებს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ პუტინის სისტემაში, ასევე პროპაგანდისტებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს.
„ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, დავხუროთ საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციისთვის, ვერც ერთი რუსული თვითმფრინავი ვერ შეძლებს ევროკავშირის აეროპორტებში დაშვებას ან აფრენას“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გარკვეული რუსული ბანკების სვიფტის სისტემიდან გათიშვაზე, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე.
ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საერთაშორისო დონეზე მუშაობს რუსეთის იზოლაციაზე. მისი თქმით, ამ კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევის ერთ-ერთი შედეგი არის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს.
ამას გარდა, ბორელმა უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ევროპელმა დიპლომატმა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ამისთვის ჩვენ ავკრძალავთ „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ევროკავშირში, რადგან ისინი ინფორმაციით მანიპულაციის ჩემპიონები არიან. ჩვენ ასევე შევთანხმდით, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასა და რუსეთში“, – აღნიშნა ბორელმა.