ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვას გეგმავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 აგვისტოს კოპენჰაგენში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს განიხილავენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„კოპენჰაგენში აგვისტოს ბოლოს, არაფორმალური შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიპლომატმა.
როგორც მედია წერს, წყარომ დააზუსტა, რომ ღონისძიების დღის წესრიგში გამოყოფილი იქნება ცალკე პუნქტი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების განხილვისთვის, კერძოდ, სანქციებისა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.
„ახლა მე-19 სანქციების პაკეტის პროექტზე მუშაობს ევროკომისია, კერძოდ კი, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური“, – აღნიშნა წყარომ ანონიმურობის დაცვით.