ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებაზე იმსჯელებენ, მათ შორის იგეგმება სანქციების დაწესება „ვაგნერისთვის“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებაზე იმსჯელებენ, მათ შორის იგეგმება სანქციების დაწესება „ვაგნერისთვის“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის იგეგმება სანქციების დაწესება რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ „ვაგნერის მებრძოლები“ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან ბრალდებული.

ევროპელი დიპლომატების მოლაპარაკებები უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის ფონზე იმართება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი აპირებს, კიდევ ერთხელ შეიჭრას უკრაინაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი მზადაა, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს მოსკოვის შესაჩერებლად. ამავე საკითხზე უქმე დღეებში ლივერპულში ისაუბრეს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებმაც და გააფრთხილეს რუსეთი რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვს სერიოზული სანქციები დაეკისრება.