ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 28 მაისს კვიპროსში არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 28 მაისს კვიპროსში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ უნდა მიუდგნენ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებს, მაშინ როდესაც უკრაინა ევროპას მოსკოვთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, ხოლო აშშ-ის ყურადღება ირანთან ომზეა გადატანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ, რა წინაპირობები უნდა არსებობდეს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის და რა მიზნების მიღწევას ეცდება ევროპა, თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას გადაწყვეტს.
„როიტერის“ ინფორმაციით, განხილვები რუსეთის მიმართ ევროპის სტრატეგიაზე იქნება კონცენტრირებული. მედია წერს, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს სურს, რომ დისკუსია ორიენტირებული იყოს იმაზე, თუ რას მოითხოვს ევროპა რუსეთისგან.
„როიტერის“ წყაროს თქმით, კალასი აპირებს, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ევროპის მოთხოვნებზე, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, რუსეთის ყოფნის აკრძალვას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო, ასევე რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევების, დრონების გამოყენებისა და დეზინფორმაციული საქმიანობის შეწყვეტას.
ამასთან, როგორც მედია ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, ამ ეტაპზე ევროპაში არ არსებობს ერთიანი პოზიცია მოთხოვნებსა და წინაპირობებთან დაკავშირებით. ამავე ცნობით, ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ახლა მოსკოვზე დამატებითი ზეწოლის განხორციელების დროა.
„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მომავალ ურთიერთობებს რუსეთთან – ეს უფრო რთული საკითხია. ზოგს მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი ჩართულობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.