ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი - ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ ცნობს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. იწყება მუშაობა, რათა სანქციები დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ფალსიფიკაციაზე“, – წერს ბორელი.
ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ევროპელი დიპლომატები შეთანხმდნენ ე.წ. შავი სიის შემუშავებაზე, რომელშიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და შესაბამისი ბრძანებების გაცემაში ბრალდებულ პირებს შეიყვანენ.