ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს

ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანს აქვს სუვერენული აზრი გადაწყვეტილების მისაღებად, ისინი განკარგულებებს არ იღებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, წევრობის კანდიდატის სტატუსს ევროკომისია არ იძლევა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფო იღებს.

შეკითხვაზე, დაეხმარება თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში,  დიმიტრიოს კარაბალისმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაჭრა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, თუმცა მისია ცდილობს, შექმნას შესაბამისი გარემო, რათა მხარეები მაგიდასთან დასხდნენ.

„როგორც იცით, ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის გადაჭრა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მშვიდი და სტაბილური სიტუაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ და იპოვონ გამოსავალი. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სათანადო პირობები დიალოგისა და გამოსავლის პოვნისთვის. შესაძლებელია, ჩემი კოლეგები არ დამეთანხმონ იმაში, რასაც ვიტყვი, საუბარია იმაზე, მისცემს თუ არა კომისია სტატუსს საქართველოს. ჩემი აზრით, კომისია არ არის ის, ვინც სტატუსს იძლევა. ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანს აქვს სუვერენული აზრი გადაწყვეტილების მისაღებად, ისინი განკარგულებებს არ იღებენ. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს“, – განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.