ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ავსტრია გახდა
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ავსტრია გახდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პირველი ივლისიდან ავსტრია გახდა. ოფიციალური ვენა ექვსი თვის განმავლობაში ევროპაში დაძაბულობის განმუხტვას, გაერთიანების განმტკიცებას ეცდება. ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი აცხადებს, რომ შესაძლებლობას გაერთიანებაში „ხიდების შესაქმნელად“ გამოიყენებს.

უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოსთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიგრაციული პოლიტიკა, „ბრექსითი“ და ბალკანურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები.

როგორც ცნობილია, ავსტრია მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ხისტ მეთოდებს ემხრობა. შესაბამისად, ოფიციალური ვენა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ეცდება. სებასტიან კურცი მიიჩნევს, რომ გაერთიანების პოლიტიკა, ევროკავშირში შემოსული მიგრანტების სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებასთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს მიგრაციული პოლიტიკის მთავარი მიმართულება. მიზეზი კი რიგ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი უთანხმოებაა.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით ირჩევენ. ავსტრიამ აღნიშნულ პოზიციაზე ბულგარეთი შეცვალა. 2019 წლის პირველ იანვარს კი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე რუმინეთი გახდება.