ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც არის საუბარი
ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც არის საუბარი

ევროკავშირი განაგრძობდა შეშფოთების გამოხატვას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ეხება.

როგორც 142-გვერდიან დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წელს ევროკავშირი კვლავ აქტიურად მოუწოდებდა იმ მხარეებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლს ახორციელებენ, დაეშვათ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საერთაშორისო მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

„ევროკავშირი განაგრძობდა შეშფოთების გამოხატვას რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებილ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობისა და არსებული დაუსჯელობის გამო, მათ შორის, ყირიმელი თათრებისა და უკრაინულენოვანი თემის წარმომადგენლების სისტემატური დევნის გამო; ასევე, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებს გამო აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც შესაბამისი მთავრობების კონტროლს არ ექვემდებარება. ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებდა მათ, ვინც ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა, მიენიჭებინათ ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო მექანიზმებისთვის შეუფერხებელი წვდომა უკრაინისა და საქართველოს ამ რეგიონებზე“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მსოფლიოს მრავალ ნაწილში ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები რჩება.

„უფლებადამცველები, ჟურნალისტები და მედიის თანამშრომლები არიან საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ მათი ყოველდღიური სამუშაოს გამო, სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე კვლავ შეზღუდული რჩება, ქალთა უფლებები ისევ ირღვევა, ხოლო მოწყვლადი ჯგუფები ხშირად უკანა პლანზე რჩებიან და ისევ განიცდიან დისკრიმინაციასა და უთანასწორო მოპყრობას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი