ევროკავშირის საბჭომ ალბანეთსა და მაკედონიას გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წაუყენა
ევროკავშირის საბჭომ ალბანეთსა და მაკედონიას გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წაუყენა

ევროკავშირის საბჭომ ალბანეთსა და მაკედონიას გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წაუყენა.

გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში მოლაპარაკებების დაწყებისთვის ორ სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ.

„საბჭო თანახმაა, პოზიტიურად შეაფასოს ალბანეთის მიერ მიღწეული პროგრესი და 2019 წელს გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ალბანეთმა მომავალშიც აუცილებლად უნდა განაგრძოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი. საგრძნობი შედეგი უნდა მიიღოს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. მათ შორის არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად ანალოგიური მოთხოვნები წაუყენა მაკედონიასაც და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დინამიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალბანეთსა და მაკედონიაში მიმდინარე პროცესებს ევროკომისია დეტალურად შეისწავლის.