ევროკავშირის საბჭო შარლ მიშელის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის საბჭო შარლ მიშელის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ, 22 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგები შეაჯამა.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიშელმა ბრიუსელში გამართულ დისკუსიებს გულწრფელი და პროდუქტიული უწოდა.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხების მთელი ნაკრები. გვქონდა დეტალური დისკუსია ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის განაღმვისა და დაკავებულთა გათავისუფლების, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის თაობაზე. ჩვენ მივაღწიეთ შემდეგ შედეგებს:

სასაზღვრო საკითხები – სასაზღვრო კომისიების პირველი ერთობლივი სხდომა სახელმწიფოთშორის საზღვრის თაობაზე უახლოეს დღეებში გაიმართება. ის მოიცავს ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია საზღვრის დელიმიტაციაზე და იმაზე, თუ როგორ იყოს უზრუნველყოფილი სტაბილური სიტუაცია.

კომუნიკაციები – ლიდერები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის აუცილებლობაზე. ისინი შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც არეგულირებს ტრანზიტს აზერბაიჯანის დასავლეთსა და ნახიჩევანს შორის, და სომხეთის სხვადასხვა ნაწილს შორის აზერბაიჯანის გავლით, ისევე, როგორც საერთაშორისო ტრანსპორტს ორივე ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ საზღვრის ადმინისტრირებაზე, უსაფრთხოებაზე, მიწის გადასახადზე, მაგრამ ასევე საბაჟო პრინციპებზე საერთაშორისო ტრანსპორტის კონტექსტში. ვიცე-პრემიერები ამ სამუშაოს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ.

სამშვიდობო შეთანხმება – ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც არეგულირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთშორის ურთიერთობებს. ჯგუფები საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ამ პროცესს უახლოეს კვირებში გააგრძელებენ. დამატებით ამ მიმართულებით, მე ასევე ხაზგასმით ვუთხარი ორივე ლიდერს, რომ აუცილებელი იყო ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე საუბარი.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარება – ევროკავშირი ორივე მხარესთან ერთად გააგრძელებს ეკონომიკურ მრჩეველთა ჯგუფის მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების წინსვლას ორივე ქვეყნისა და მათი მოსახლეობების საკეთილდღეოდ. ასევე ხაზი გავუსვი მოსახლეობის მომზადების მნიშვნელობას გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის. ევროკავშირი მზად არის, მხარდაჭერა გააძლიეროს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე შევთანხმდით და კვლავ იმავე ფორმატში შევხვდებით ივლისი-აგვისტოში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.