ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის ევროკავშირის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში ჩართვის მნიშვნელობას, კერძოდ, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში
ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის ევროკავშირის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში ჩართვის მნიშვნელობას, კერძოდ, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ აღნიშნეს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გამყარებას ემსახურება. კერძოდ, ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის ინიციატივას სახელწოდებით „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც მიმართულია რეგიონული ურთიერთქმედებისა და შერიგების ხელშეწყობისკენ.
ამავდროულად, პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს სომხეთს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღსაკვეთად ერევნის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
ასევე საუბარი შეეხო სომხეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. პრესრელიზის მიხედვით, ლიდერები მიესალმნენ ბრიუსელსა და ერევანს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე კონსულტაციების დაწყებას.