ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის
ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის. ეს ჯგუფები იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.

კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩანიშნულია დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან წინადადებების წარდგენას ელოდება.

წინა შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს დეოლიგარქიზაციის საკითხზე უკრაინული მოდელი წარუდგინა, რის თაობაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის პოზიციები გაიყო. ოპოზიციის ნაწილი უკრაინული კანონმდებლობის მსგავსი ცვლილებების მიღების წინააღმდეგია. მათ მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვის წარდგენა შესთავაზა.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, წინა შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა დრო ითხოვეს იმისთვის, რომ მათ უკრაინულ მოდელზე საკითხები დაემუშავებინათ და მათი წინადადებები წარმოედგინათ.

„დღეს ვიკრიბებით, რომ ეს წინადადებები გავცვალოთ. იმედია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს საკითხები დაამუშავეს და თავის პოზიციებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.