ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 7.4 პროცენტით შემცირდა
ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი 7.4 პროცენტით შემცირდა

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – 7.4 პროცენტით ნაკლები.

2019 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება.

ამასთან, 2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 441.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია.