ევროკავშირის ქვეყნებს მეხუთე თაობის ინტერნეტის კიბერუსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება ექნებათ
ევროკავშირის ქვეყნებს მეხუთე თაობის ინტერნეტის კიბერუსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება ექნებათ

ევროკავშირი ბლოკის წევრ ქვეყნებს მეხუთე თაობის ინტერნეტის კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრევენციის საკითხებზე მონაცემების გაცვლის ვალდებულებას აკისრებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევრობლოკის წევრმა ქვეყნებმა წლის ბოლომდე ე.წ. 5G ტექნოლოგიების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები უნდა შეაფასონ და მათი გადაჭრის ზომებიც შეიმუშაონ.

თუმცა ბრიუსელმა არ გაითვალისწინა თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ვაშინგტონის მოთხოვნა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, „ჰუავეის“ პროდუქციის ბლოკის შიგნით ერთმნიშვნელოვნად აკრძალვის თაობაზე და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების სუვერენულ უფლებად დატოვა.

როგორც ცნობილია, აშშ თვლის, რომ პეკინი ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს სხვა სახელმწიფოებში თვალთვალის მიზნით იყენებს. ვაშინგტონმა უკვე აკრძალა „ჰუავეის“ პროდუქციის გამოყენება სამთავრობო სტრუქტურებში და სტრატეგიულ პარტნიორებსაც მოუწოდა, გადადგან ეს ნაბიჯი. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ გაიზიარეს ვაშინგტონის პოზიცია და „ჰუაევის“ პროდუქცია აკრძალეს.

„ჰუავეი“ ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბრალდებას და თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელიც აღძრა.

ევრობლოკის აღმასრულებელი ორგანოს განმარტებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიზანია კიბერუსაფრთხოების არსებული წესების ამოქმედება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. რაც შეეხება გარკვეული კომპანიების ტექნოლოგიური პროდუქციის აკრძალვას, ამ გადაწყვეტილებას ბლოკის თითოეული წევრი ქვეყანა თავად მიიღებს.

ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა და პორტუგალია უკვე ემზადებიან მეხუთე თაობის ინტერნეტტექნოლოგიების ლიცენზიაზე აუქციონი ჩაატარონ. ბლოკის დარჩენილი ექვსი წევრი ქვეყანა კი, აუქციონის ჩატარებას მომავალ წელს გეგმავს.

22 მარტს სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ კომენტარში ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის ევროკომისარმა, ანდრუს ანსიპმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნების ხელისუფლების მიერ კომპანიების შპიონაჟისთვის გამოყენების პრევენციას ისახავს მიზნად.

გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განცხადა, რომ რეგიონში ჩინეთის დომინანტური პოზიციის პოტენციალის მიმართ ევროპის პოზიცია სუსტდება.

ანდრუს ანსიპის განმარტებით, მეხუთე თაობის ინტერნეტი ეკონომიკას და საზოგადოების გარდაქმნას მოიტანს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უსაფრთხოების სრული დაცვის გარეშე.

ჰუავეიმ“ ევროკავშირის მიდგომა შეაფასა, როგორც ობიექტური და თანაზომიერი. „ჰუავეის“ შეფასება გაიზიარა ტელეკომუნიკაციების ლობისტურმა ჯგუფმა „ჯიესემაი-მ“ რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ 300 ოპერატორს აერთიანებს.