ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 17 ახალი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ

08:10, 20.11.2018

ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 17 ახალი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

მინისტრებმა მხარი დაუჭირეს 17 პროექტის განხორციელებას „მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის“ (PESCO) ფარგლებში. როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ახალი პროექტები 2017 წლის 11 დეკებერს შეთანხმებულ 17 პროექტთან ერთად განხორციელდება. პროექტები მოიცავს სამხედრო წვრთნებს, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ოპერაციული მზადყოფნის გაძლიერებას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, ასევე კიბერთავდაცვას.

თავდაცვის სფეროში „მუდმივი სრუქტურული თანამშრომლობის“ ანუ PESCO-ს პროგრამაში ევროკავშირის 25 წევრი ქვეყანა მონაწილეობს. 2017 წლის დეკემბერში შექმნილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს დანიამ, მალტამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც 2019 წლის მარტში ევროკავშირიდან გადის.

მსგავსი