ევროკავშირის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ორგანიზაციის სახსრების შესაძლო მითვისების საქმეზე, რომელიც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს, ჯორდან ბარდელას უკავშირდება
ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისმა დაიწყო გამოძიება ორგანიზაციის სახსრების შესაძლო მითვისების საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერის, ჯორდან ბარდელას მედიატრენინგებთან. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გამოძიება გასული წლის დეკემბერში, ფრანგული ანტიკორუფციული ორგანიზაციის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ დაიწყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბარდელას წინააღმდეგ საჩივარი თავდაპირველად საფრანგეთის ეროვნულ ფინანსურ პროკურატურაში შეიტანეს, შემდეგ კი საქმე ევროპის პროკურატურას გადაეცა.
პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ წარმომადგენელმა ბრალდებები უარყო. მისი თქმით, საჩივარი „საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტია“.
2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვებში ამჟამად ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ ლიდერობს. პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენია. ლე პენი ამჟამად ელოდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეზე, რამაც შესაძლოა, მას სახელმწიფო თანამდებობებზე კენჭისყრის უფლება შეუზღუდოს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ლე პენმა არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემთხვევაში თავის შემცვლელად უკვე დაასახელა 30 წლის ჯორდან ბარდელა.