ევროკავშირის პროკურატურა იძიებს სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას, რომელმაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია
ევროპის პროკურატურა იძიებს ევროკავშირის სახსრების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას, რომელიც დაკავშირებულია სერბეთის ქალაქ ნოვი სადის სადგურთან, სადაც 2024 წლის ნოემბერში ჩამოინგრა სახურავი, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
ევროკავშირის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით“ ატარებენ ევროკავშირის სახსრების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის გამოძიებას, რომელიც დაკავშირებულია ნოვი სადის სარკინიგზო სადგურთან.
„საფრთხე რომ არ შევუქმნათ ამ გამოძიების შედეგებს, ჩვენ არ შეგვიძლია არანაირი დამატებითი დეტალის გამჟღავნება“, – ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის პროკურატურას შეუძლია, გამოძიება ჩაატაროს, როდესაც თაღლითობა ჩადენილია ევროკავშირის სახსრების გამოყენებისას, რომლებიც გამოყოფილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სერბეთის უმაღლესმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით ბრალი 13 ადამიანს წაუყენა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთში დაიწყო მასშტაბური სტუდენტური ანტისამთავრობო აქციები. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა სარკინიგზო სადგურის რეკონსტრუქციის სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნება. როგორც ცნობილია, სადგურის სარემონტო სამუშაოებში ჩინური კომპანიები მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, დღეს სერბეთის დედაქალაქში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.