ევროკავშირის ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. ფაიზერგეითის საქმესთან დაკავშირებით ევროკომისიას აკრიტიკებენ
ევროკავშირის ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმნენ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის უარი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაჯაროებაზე გაუმართლებელი იყო. საუბარია კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორისა და ევროკომისიის პრეზიდენტის მიმოწერაზე, რომლის გასაჯაროებასაც „ნიუ იორკ თაიმსი“ ითხოვდა.
ევროკავშირის ომბუდსმენის თქმით, „სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დოკუმენტებთან წვდომის უფლება შესაბამისი ინსტიტუტებისგან მოითხოვს, ყოველთვის შეადგინონ და შეინახონ დოკუმენტაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ“.
ომბუდსმენის განმარტებით, თუ ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ასეთი დოკუმენტაციის რეგისტრაციასა და შენახვას, დოკუმენტებზე წვდომის უფლება აზრს კარგავს. მან ასევე მოუწოდა კომისიას, სასამართლოს განაჩენიდან აუცილებელი დასკვნები გამოიტანოს და უზრუნველყოს საზოგადოების დოკუმენტებზე წვდომის უფლების სრული დაცვა.
ე.წ. ფაიზერგეითის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ეს განაჩენი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ევროკავშირს მართავს კანონის უზენაესობა და მისი ლიდერები ექვემდებარებიან თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუდმივ კონტროლს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის, The Good Lobby-ს დამფუძნებელმა, ალბერტო ალემანომ.
მისივე თქმით, „„ნიუ იორკ თაიმსის“ გამარჯვება ყველას გამარჯვებაა, რადგან ეს განაჩენი მიმართულია ევროკავშირის ლიდერების ქმედებების მეტი ანგარიშვალდებულებისკენ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – ევროკავშირის“ პოლიტიკის ოფიცერმა, შარი ჰინდსმა კი „ევრონიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საქმეზე „კვლავ არის ბევრი გაურკვევლობა და აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა იმის დასადგენად, თუ რა მოხდა“.
მან აღნიშნა, რომ სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება აუცილებელია ისეთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაწყვეტილებებისთვის, როგორიცაა ეს კონტრაქტები, რომლებიც მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ნდობა უნდა აღდგეს, არსებობს ღია შეკითხვები და დროა, კომისიამ აჩვენოს ვალდებულება საჯარო ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად“, – განაცხადა ჰინდსმა.
ამავე საქმეზე საუბრისას ევროპარლამენტის დეპუტატმა მწვანეებიდან ტილი მეტცმა განაცხადა, რომ „სასამართლოს განაჩენი ნათლად აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება არ უნდა ხორციელდებოდეს დახურულ კარს მიღმა ევროკავშირში“.
მისივე თქმით, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გარიგებები საიდუმლოდ ფორმდება, არსებობს საფრთხე, რომ კომერციულმა ინტერესებმა, შეიძლება, უპირატესობა მოიპოვონ.
ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკომისიამ ვერ შეძლო დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ არ ფლობს კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ გენერალურ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის ტექსტური შეტყობინებების შესახებ დოკუმენტებს.
„ნიუ იორკ თაიმსმა“ მოითხოვა წვდომა ამ შეტყობინებებზე, მაგრამ კომისიამ უარი განაცხადა მოთხოვნაზე იმ არგუმენტით, რომ ტექსტური შეტყობინებები, თავისი ბუნებით, ხანმოკლეა და არ აკმაყოფილებს ინსტიტუტის დოკუმენტების მართვის სისტემაში ჩართვის კრიტერიუმებს.
სასამართლოს თანახმად, კომისიას არ შეუძლია, უბრალოდ განაცხადოს, რომ არ ფლობს მოთხოვნილ დოკუმენტებს; მან უნდა წარმოადგინოს სარწმუნო ახსნა-განმარტებები, რომლებიც საშუალებას მისცემს როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს, გაიგონ, თუ რატომ ვერ ხერხდება დოკუმენტების მოძიება.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის ყურადღებით შეისწავლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვიდრე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისიას აქვს ორი თვე სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისთვის.