ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო
ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას ევროკავშირის ელჩები 23 ივლისს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
„დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა სანქციების 21-ე პაკეტზე კონსენსუსს ვერ მიაღწია, რადგან საბერძნეთი კვლავ მოითხოვს პაკეტიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის მომსახურების სრულ აკრძალვაზე გამონაკლისის დაშვებას, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების შემთხვევაში. დისკუსია ხვალ დილით გაგრძელდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
მედიის ცნობით, 22 ივლისს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში პირველი საკითხი სანქციების 21-ე პაკეტი იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და გადაწყდა, რომ განხილვა საღამოსთვის, დღის ბოლო საკითხად გადაეტანათ. დისკუსიის შემდეგ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განხილვის შეწყვეტა და მომდევნო დღისთვის გადადება გადაწყდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ვერც 15 ივლისს შეძლო გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე. როგორც მედია წერს, მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა საბერძნეთის მოთხოვნა, რომ მისთვის გაგრძელებულიყო რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში რეექსპორტის უფლება.
ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს.
„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება. პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება. ავსტრიამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.
გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.