ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კუბის ლიდერს შეხვდა
ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კუბის ლიდერს შეხვდა

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კუბის ლიდერს შეხვდა. ფედერიკა მოგერინისა და რაულ კასტროს შეხვედრის კადრები კუბის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან.

მისივე თქმით, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით თვის ბოლოს კუბაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია ჩავა. ასევე ხელი მოეწერება კონტრაქტებს განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში, რომელთა საერთო მოცულობა 49 მილიონ ევროს შეადგენს.

თებერვალში ასევე დაგეგმილია კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში.
როგორც ცნობილია, ფედერიკა მოგერინიმ კუბაზე ვიზიტის დროს გააკრიტიკა აშშ-ის სავაჭრო ემბარგო და მწუხარება გამოთქვა თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ჰავანას მისამართით ატარებს.

“მჯერა რომ ევროპას აქვს პოტენციალი და ინტერესი, რომ დამოუკიდებელი დღის წესრიგი ჰქონდეს კუბასთან ურთიერთობებში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებში” – განაცხადა მოგერინიმ.