ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 40 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 40 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 40 მილიონი ლარის გამოყოფაზეა საუბარი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ქარსელაძის თქმით, საპილოტე რეგიონები პირველ ეტაპზე ოთხი რეგიონია – კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

„შესაბამისი კონკურსის და შერჩეული აქტივობების და პროექტების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციების, სამუშაო ადგილების ზრდას და ადგილობრივი კომპანიების ინოვაციების კვლევა-განვითარების მხარდაჭერას, 2021-2022 წლებში 20 მილიონი ლარის მიმართვა მოხდება სოფლის განვითარების სააგენტოში, ასევე 16 200 000 ლარის „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 3 430 000 ლარის. მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან ფართო არის ის აქტივობები, რომლის განხორციელებაც მოხდება აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების განვითარებას, მოდერნიზაციას, გაფართოებას. ასევე, დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მანქანა-დანადგარების, ინვენტარის შეძენა, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება და განხორციელება და ა.შ. რაც შეეხება „აწარმოეს საქართველოს“, აქ საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რომლის ფარგლებში მოხდება პროდუქტების დივერსიფიკაცია, ექსპორტის სტიმულირება და სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისი, ლიცენზირება, სერტიფიცირება, ბრენდინგი, პროდუქციის შეფუთვა, საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევადობის ამაღლება და მრავალი სხვა აქტივობა. ისევე, როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებს რეგიონებში კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს-პროცესების ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ეფექტურობის ზრდა არის განსაზღვრული, როგორც მართვის თვალსაზრისით, ასევე საოპერაციო კუთხით და კონკრეტული აქტივობები იქნება განხორციელებული, როგორც მცირე გრანტების ინოვაციების დანერგვის, ტესტირების, გაუმჯობესების შემდგომი კომერციალიზაციისთვის, ინოვაციების ან/და მაღალტექნოლოგიური ელემენტების შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს-პროდუქტების დაფინანსება და მრავალი სხვა.

ძალიან მასშტაბური პროგრამა არის, რომელიც მნიშვნელოვანია სწორედ ამ დარგებისთვის, ისევე, როგორც სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება უშუალოდ რეგიონებში შესაბამისი ტურისტული ცენტრების, შესაბამისი ახალი ტურისტული მდებარეობების განვითარება, მათ შორის, პირველად ინფრასტრუქტურის სახით. შესაბამისად, ძალიან საინტერესო 2021-2022 წელი იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დატოვე კომენტარი