ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულებს შორის ქართველი მწერალი პირველად მოხვდა
ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულებს შორის ქართველი მწერალი პირველად მოხვდა

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატებს შორის ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი დასახელდა.

ინფორმაციას ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა შესახებ „მწერალთა სახლი” ავრცელებს.

ბრიუსელში, ევროკავშირში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისში ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დასახელდა.

ესენი არიან: ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ბექა ადამაშვილი (საქართველო), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო).

თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი ბექა ადამაშვილი ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით სახელწოდებით „ბესტსელერი”.

22 მაისს ბრიუსელში, ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა, ვალერ-დანიელ ბრეაზმა და ევროკავშირის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისარმა, თიბორ ნავრაჩიჩმა ოფიციალურად დაასახელეს გამარჯვებულები.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისთვის ევროკავშირის დაფინანსების 2014-2020 წლების პროგრამაში.

ყოველ საკონკურსო წელს თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ეროვნული ჟიური კომპლექტდება ლიტერატურის, საგამომცემლო და წიგნის გავრცელების სფეროს ექსპერტებით. სამიდან ხუთამდე ავტორის შერჩევის შემდგომ, თითოეული ეროვნული ჟიური ირჩევს მათგან გამარჯვებულს. ლაურეატები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზით.

საქართველო წელს შეუერთდა ევროკავშირის ლიტერატურული პრემიას. შესაბამისად, ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი ავტორია, ვინც ამ პრემიის გამარჯვებულებს შორის მოხვდა. ცნობილია, რომ ქართველი ავტორი ჯილდოს სახით ხუთი ათას ევროს მიიღებს.

დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში 2 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი