ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 20 თებერვალს ბრიუსელში დაწყებული სამიტი შედეგების გარეშე დასრულდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ბიუჯეტის კომპრომისულ ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმების მოსაძებნად განსხვავებები ზედმეტად დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

თავის მხრივ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო დღეები და კვირები შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ დრო გვჭირდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა.

ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოწვევით შეიკრიბნენ, რათა 2021-2027 წლების ბიუჯეტის პროექტი შეეთანხმებინათ. გრძელვადიანი ბიუჯეტის შეთანხმება ევროკავშირის ლიდერებისთვის ყოველთვის რთული ამოცანაა, თუმცა ამჯერად აღნიშნულ საქმეს ართულებს ისიც, რომ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის გამო ევროკავშირის ბიუჯეტს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში 75 მილიარდი ევრო დააკლდება, ხოლო კლიმატური ცვლილებები და მიგრაციის პრობლემები დამატებით ხარჯებს ითხოვს.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ უფრო მეტად და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. დანია, ავსტრია, შვედეთი და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ისინი არ მიიღებენ ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც ევროკავშირის მთლიანი ეროვნული შემოსავლი ერთ პროცენტზე მეტი იქნება. ოთხეული ეწინააღმდეგება ბიუჯეტის პროექტს, რომლის ერთი მესამედი ღარიბი რეგიონების განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, კიდევ ერთი-მესამედი კი ფერმერებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები საზღვრების მართვის გაძლიერების, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ზომების, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების დაფინანსების გაზრდას ემხრობიან.

ნაკლებად ძლიერი ეკონომიკის მქონე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სოფლის მეურნეობის დაფინანსების შემცირების წინააღმდეგები არიან. მათ მხარს უჭერენ საფრანგეთი და ირლანდია. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ანგელა მერკელთან, რომლის ქვეყანა ევროკავშირის ხაზინაში ყველაზე მსხვილი გადამხდელია, რათა წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოება გადაილახოს.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი გზა არ არის, ჯგუფების შექმნა და საკითხების დაბლოკვა კოალიციების შექმნით“, – აღნიშნა მაკრონმა.