ევროკავშირის ლიდერებმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან გაფართოების საკითხი განიხილეს
ევროკავშირის ლიდერებმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან გაფართოების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებს გაფართოების საკითხის განსახილველად შეხვდნენ.

როგორც სამიტის დაწყებამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა,  რობერტა მეცოლამ განაცხადა, გაფართოება არ არის შორეული პერსპექტივა, არამედ არის უშუალო პრიორიტეტი.

„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, გაფართოება არ არის შორეული პერსპექტივა. ეს არის რეალობა. ამას დიდი ხანია, ვამბობთ, მაგრამ თუ არ გავიაზრებთ, რომ გაფართოება საუკეთესოა, რაც შეგვიძლია,  გავაკეთოთ ჩვენი გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მაშინ კვლავ უკან დავბრუნდებით კიდევ ერთ სამიტზე, სადაც არანაირი პროგრესი არ იქნება დაფიქსირებული“, – აღნიშნა მეცოლამ.

ამასთან, კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დაყოვნებამ შესაძლოა, საშუალება მისცეს „მავნე ძალებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი“, მეტი გავლენა მოიპოვონ რეგიონში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ნოემბერში განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, ახალი წევრები 2030 წლიდან მიიღოს.