ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმა დაამტკიცეს
ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმა დაამტკიცეს

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმა დაამტკიცეს.  დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის შვიდწლიან ბიუჯეტთან.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მომავალი ფონდის დეტალების შემუშავება დაავალა. ევროკომისია პროექტს 6 მაისს წარადგენს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მომავალი ფონდი მოახდენს ერთი ტრილიონი ევროს ოდენობის მობილიზებას.

ამას გარდა, ევროკავშირის ლიდერმა დაამტკიცეს მანამდე შეთანხმებული, 540 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდება. თანხა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროკავშირის წევრებს შორის მწვავე უთანხმოება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დახმარების დაფინანსება. თუმცა როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ბოლო მოლაპარაკებებზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.

იტალია, რომელიც ევროპაში კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, ევროკავშირის წევრ პარტნიორებს მოუწოდებდა, უფრო მეტი სოლიდარობა გამოიჩინონ.